რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღად მაისი კახა კალაძემ გასულ თვეს დააანონსა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ოთხივე ტენდერი უკვე დასრულებულია. 3 ლოტზე გამარჯვებული "დინ გრუპია", ერთი შესყიდვა კი "სმარტს სოლუშენმა" მოიგო.

ლოტები ასე გადანაწილდა:

ტენდერი #1

თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 4'382'808 ლარი - "სმარტ სოლუშენი"

ტენდერი #2

მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 8'464'123 ლარი - "დინ გრუპი"

ტენდერი #3

ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 8'781'045 ლარი - "დინ გრუპი"

ტენდერი #4

ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 6'812'435 ლარი - "დინ გრუპი"

"დინ გრუპის" წილის 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი ფლობს, 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი. კომპანიას 70.7 მლნ აშშ დოლარის ტენდერები აქვს მოგებული. სულ 278 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 74%-ში გაიმარჯვა.

მოგებულ შესყიდვებს შორისაა, ისნის რაიონის გამგეობის რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტები და სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები.

ოფიციალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ნიკოლოზ ეპიტაშვილს არცერთი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს. რაც შეეხება ვახტანგ ამაშუკელს, მან პოლიტიკური დონაცია 3-ჯერ განახორციელა. ბოლოს, "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი 2024 წლის სექტემბერში შესწირა. იქამდე, 2016 წლის სექტემბერში 15 500 ლარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის". ამავე წელს და ამავე თვეს აქვს შეწირული 15 500 ლარი მაჭუტაძის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის".

რაც შეეხება "სმარტ სოლუშენს" მისი 100%-ის მფლობელი ლევან გოგსაძეა. მფლობელთან ერთად, თანადირექტორია ლევან კეკუა.

კომპანიას 40.9 მლნ ლარის 47 ტენდერი აქვს მოგებული. მათ შორის, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის, ფოსტის და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის.

ლევან გოგსაძეს "ქართული ოცნებისთვის" 2016 წელს 37 ათასი ლარი აქვს შეწირული. სხვა დონაცია მის სახელზე არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ორი 8.7 მილიონიანი [ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთი], 6.8 მლნ-ს ღირებულების ტენდერი [ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია] პრეტენდენტის არ არსებობის გამო ჩავარდა და თავიდან გამოცხადდა.

bm.ge