ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინ-პროექტის შესყიდვაზე გამოცხადებული კონკურსი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

კონკურსის ერთადერთ მონაწილეს, შპს „არქიადრეს“, 2025 წლის ოქტომბერში, დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

კონკურსი 211 ათას 864 ლარით იყო გამოცხადებული, „არქიადრე“ კი მომსახურებას, ანუ ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის პროექტს „აჭარის მუზეუმს“ 211 ათას 800 ლარად სთავაზობდა.

„აჭარის მუზეუმმა“ ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინო-მუზეუმის კონცეფციისა და ინტერიერ/ექსტერიერის დიზაინ-პროექტის შემუშავებაზე ხელახალი კონკურსი 2026 წლის 2 მარტს გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 203 389 ლარია. წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.

თუ რა დაჯდება მუზეუმის „ულტრათანამედროვე დონეზე“ აღჭურვა, ეს უკვე გამარჯვებული კომპანიის მიერ მომზადებულ კონცეფციასა და პროექტზე იქნება დამოკიდებული.

ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.

2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.

ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და შესაბამისად, ეს ტენდერები არ შედგა.

2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „ივერთმშენთან“ საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 2025 წლის 8 დეკემბერს გააფორმა, კომპანიას კი ჯამში 1 700 803 ლარი გადაურიცხეს.

batumelebi.netgazeti.ge