ახლახანს, თენგიზის ნავთობის საბადოს ოპერატორმა კომპანია Tengizchevroil-მა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ნედლი ნავთობის ექსპორტი განაახლა. მიუხედავათ იმისა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალს უკვე მიეწოდა 20 000 ტონა ნედლი ნავთობი, ნავთობის გადაზიდვის მოცულობა მცირეა - ამის შესახებ ანალიტიკას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს.
რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის ბათუმის ნავთობტერმინალით გადმორთვის შესაძლებლობები, ამას დრო აჩვენებს და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეგიონში საომარი დაპირისპირებების ხანგრძლივობაზე.
ცნობისათვის, 2026 წლის მარტში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, Tengizchevroil-მა ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ყაზახეთიდან 97 ათასი ტონა ნავთობის პარტია უკვე გამოგზავნა.
ნათელია, რომ საქართველო – აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების შუა დერეფნით დაბრუნება რეგიონში საომარი დაძაბულობითაა განპირობებული. ნედლი ნავთობის გადაზიდვების შემდგომი დამკვიდრება დერეფნისათვის, უდავოდ, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა შეფასდეს.
საქართველოს მიერ ბათუმის ნავსადგურისა და ნავთობტერმინალის რეალიზების წინაპირობები – ბუნებრივია, რადგანაც საქმე გვაქვს ყაზახური ნავთობის უკვე მეორედ შემობრუნების პროცესთან, იბადება რამდენიმე კითხვა:
რამ განაპირობა ჩვენი დერეფნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთის ბათუმის ნავთობტერმინალში დაბრუნება?
რამდენად სტაბილური და ხანგრძლივი აღმოჩნდება ყაზახური ნედლი ნავთობის შუა დერეფნის მიმართულებით გადმომისამართების პროცესი?
გააჩნია საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ნედლი ნავთობის გაზრდილი მოცულობის ნაკადის სტაბილური და უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური შესაძლებლობა?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემა, შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ყაზახური ნედლი ნავთობის რეალურად დამკვიდრების შესაძლებლობას წარმოაჩენს.