რუსეთმა, შესაძლოა, სექტემბერში სახელმწიფო დუმის არჩევნების დასრულების შემდეგ მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს. ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კრემლი ამ შესაძლებლობას საკონტრაქტო სამხედროების ნაკადის შემცირების ფონზე განიხილავს. WSJ-ის ცნობით, მობილიზაციის შემთხვევაში შესაძლოა გაიწვიონ პირებიც, რომლებსაც სამხედრო მომზადების მინიმალური გამოცდილება ან საბრძოლო მოტივაცია არ აქვთ, მაშინ როდესაც პირველი ტალღა ძირითადად რეზერვისტებსა და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეებს შეეხო.

მობილიზაციის ალბათობაზე საუბრობს მოსკოვის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორი რუსლან პუხოვიც. მისი შეფასებით, თუ ვლადიმირ პუტინი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სრულ ოკუპაციას კვლავ შეეცდება, შესაძლოა მობილიზაციის გამოცხადება აუცილებელი გახდეს.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს. WSJ-სთან საუბარში 53 წლის თადარიგის ოფიცერმა დიმიტრი როგინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას აპირებს.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის რეგიონებში გახშირდა გაწვევის ასაკის მამაკაცების მიმართ რეიდები. მაგალითად, პენზის ოლქში, ადგილობრივი ცნობებით, მოქალაქეების იძულებითი გაგზავნა ჯარში კვლავ განახლდა.

WSJ-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციური მომზადების სპეციალისტების ვაკანსიებიც. გასულ კვირას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში საკონტრაქტო სამსახურში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, მისი თქმით, 210 ათასს აღემატებოდა.