ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყე-პარკის განახლება მიმდინარეობს. თბილისის მერიამ გასულ წლის შემოდგომაზე ბილიკების განახლებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებად მერიას 2 369 407 ლარი ჰქონდა დასახელებული.
ტენდერში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო - „სმარტ სოლუშენს“, „ბილდკინგს“, „იბერი“, „ნდს მშენებლობა“, „ქართლი“, „კვადრელი“ და „ბერულა 2008“. აქედან ყველაზე ნაკლები სამუშაოების შესრულებისთვის „ბერულა 2008“-მ მოითხოვა და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა.
„ბერულა 2008“-თან ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დაიდო. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 1 848 136 ლარად უნდა შეესრულებინა, თუმცა, მოგვიანებით - იმავე წლის ნოემბერში ხელშეკრულების ღირებულება 2 032 851 ლარამდე გაიზარდა.
„საჭიროა იმაზე მეტი სამუშაო მოცულობების შესრულება, ვიდრე გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით“, - აღნიშნულია განახლებულ ხელშეკრულებაში.
კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება 2027 წლის 10 აპრილამდეა ძალაში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და განხორციელდა გარე განათების ქსელების მოწყობა.
„გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხუდადოვის ტყე-პარკში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ბილიკს, განხორციელდა გარე განათების ქსელის მოწყობა, მოეწყო პარკინგის სივრცე, განხორციელდა ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, დაირგო 14 426 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ხოლო ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები“, - აღნიშნულია „ბიზნესპრენიუსისთვის“ მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.
ინფორმაციისთვის, ხუდადოვის ტყე-პარკის პროექტირებას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის თაოსნობით სტუდენტები ახორციელებენ.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ხუდადოვის ტყე-პარკი თბილისის მარცხენა სანაპიროზე იმ მასშტაბის პროექტი იქნება, როგორიც მთაწმინდის პარკია. ხუდადოვის საპროექტო ტერიტორია ჯამში 60 ჰექტარს შეადგენს.
„ხუდადოვის ტყე-პარკის ვიზუალზე სტუდენტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. გენერალურ გეგმაში გვქონდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დიდი საქალაქო პარკი. თქვენ იცით, რომ თბილისს მარჯვენა საპიროზე შესანიშნავი პარკი აქვს მთაწმინდის პარკის სახით. მიუხედავად რელიეფისა, შაბთ-კვირას მთაწმინდის პარკი გავსებულია. გვინდა რომ მსგავსი სივრცე გვქონდეს მარცხენა სანაპიროზეც, თავისი ბავშვთა სივრცეებით, სპორტული კომპლექსით, გამწვანებული არეალით და ა.შ.
მოისინჯა პროექტი და ერთიანი კონცეფციაც უკვე დამუშავდა, მაგრამ ახლა საჭიროა ფრაგმენტული მუშაობა. 60 ჰექტარია ხუდადოვის ტყე-პარკი, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია მისი განვითარება. მერიისგან იყო განცხადება, რომ შესაძლოა, პირველი რამდენიმე ჰა დამუშავდეს. რომ დაიწყება მოქმედება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება განვითარებაც. ამ ტიპის დიდი რეკრეაციული სივრცე მარცხენა სანაპიროზე ქალაქს არც აქვს. თუ განვითარება მოხდება, ძალიან კარგი იქნება. მერიისგან ველოდებით მოქმედებებს, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ბოლქვაძემ.