„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ მიტოვებულ ავტომობილს ან ავტომობილებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილას წლებია დგანან, ეს პრობლემა რეგიონებში კიდევ უფრო მწვავედაა. გეტყვით, რომ ასეთი მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოწერილიც არ არის“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს.
იზორია ყურადღებას ამახვილებს უტილიზაციის პროცესის აუცილებლობაზე და საუბრობს იმ მოცემულობებზე, რომლებსაც მისი შემოღება შეცვლიდა.
„ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილთაგან დაახლოებით 100-150 ათასი მწყობრიდან გამოსული, გაჩერებული ან დაშლილია. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ მიტოვებულ ავტომობილს ან ავტომობილებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილას წლებია დგანან, ეს პრობლემა რეგიონებში კიდევ უფრო მწვავედაა. გეტყვით, რომ ასეთი მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოწერილიც არ არის და, საერთოდ, ჩამოწერილი ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა არც არსებობს. ამ მხრივ, ასევე გამოვყოფდი ისეთ ავტომობილებს, რომლებიც რეგისტრირებულია, არ არის ჩამოწერილი, მაგრამ უკვე ნაწილებად არის დაშლილი და ფიზიკურად აღარ არსებობს.
აქედან გამომდინარე, ყველა კარგად ვხვდებით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია უტილიზაციის პროცესი და, ასევე, უტილიზაციის ცენტრები, სადაც ასეთი ტიპის ავტომობილებს მოვათავსებთ და, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, სათანადო ზომებს მივიღებთ. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადმოვიღებთ, გვექნებოდა რეალობა, რომ ჩემ მიერ ნახსენებ წლობით გაჩერებულ ან ნაწილებად დაშლილ და გაყიდულ მანქანებს უტილიზაციის ცენტრებში მიიყვანდნენ და მათ სანაცვლოდ შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდნენ.
ასეთი მოწესრიგებული პროცესი ბევრ პრობლემას, უსიამოვნებასა და დისკომფორტს აგვარიდებდა თავიდან. თავად ჩამბარებლები კი მიღებული ანაზღაურებით ახალი ავტომობილის ყიდვისთვის თანხის ნაწილს მაინც აიღებდნენ. ამის ნაცვლად, ახლა ისინიც თანხის გარეშე რჩებიან, ქალაქსა და რეგიონებში კი ათობით ათასი სანახევროდ დაშლილი მანქანა წლების განმავლობაში გაჩერებულია. გარდა ამისა, ზოგ ქალაქში არსებობს შედარებით მიუვალი ადგილები, სადაც ბევრი გადაგდებული მანქანაა და პრაქტიკულად, ავტომობილთა ნაგავსაყრელი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ასევე, ხაზს გავუსვამდი, რომ უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს ერთიანი ბაზა, რომელშიც ყველანაირი ტიპისა და კატეგორიის ავტომობილი აღირიცხება - ეს ბევრი პროცესის დაგეგმვასა და სწორად მართვაში დაგვეხმარებოდა“, - აღნიშნა იზორიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.