ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს.
შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა და შემდეგ ხის მასალის დამუშავება ოზურგეთის მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 40 ათასი ლარი დაუჯდება.
ამ სამუშაოებს მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის. მუნიციპალიტეტმა თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„ვითარება ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ხე-ტყის დამუშავება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რადგან დიდი ხნით შეყოვნებამ უკვე დააზიანა წაქცეული ხეების ნაწილი; დაზიანება მატულობს ყოველდღიურად, ვინაიდან გრძელდება ნალექიანი დღეები, შესაბამისად, ხე-ტყის დაყოვნებით დამუშავება უფრო მეტ ნედლეულს ხდის გამოუსადეგარს სამასალედ; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის შესაძლო მოკლე ვადებში მოხდეს მასალების მიწოდება, რათა მოქალაქეებმა დროულად შეძლონ სტიქიით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ აღმოფხვრა“, – წერს მერია 2025 წლის 16 აპრილს შესყიდვების სააგენტოს.
რა ხდება
2025 წლის 11 აპრილს ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა პაატა სულაბერიძემ გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია:
„გაცნობებთ, რომ შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 2025 წლის თებერვალ-მარტში მოსული უხვი ნალექის [დიდთოვლობის] შედეგად დაზიანდა ხე-მცენარეები [ფიჭვები], კერძოდ, ნაწილი ხეებისა მოითხარა და ნაწილი გადატეხილია, თუმცა დამუშავების შემდეგ გამოსადეგია სამშენებლო მასალებად.
მოგმართავთ წინადადებით, რომ ჩვენს საკუთრებაში არსებული ხე-მასალა უსასყიდლოდ გადმოგცეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდგომში სტიქიის
შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით.“
ზუსტად ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავნა ოზურგეთის მერს 2025 წლის 14 აპრილს შპს „ბლექ სი რიზორთსის“ დირექტორმა შოთა ხიზანიშვილმაც.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ [აღნიშნულია მოწითალო ფერით] და შპს „ბლექ სი რიზორთსის“ [აღნიშნულია მომწვანო ფერით] საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილში, საიდანაც ოზურგეთის მერიამ დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები უნდა მოჭრას და გაიტანოს.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა.
შპს „ბლექ სი რიზორთსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი კი არის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომლის მესაკუთრეა „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“.
„ბლექ სი რიზორთსი“ და „ურეკი რეზიდენსი“ შეკვეთილში სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც სარგებლობენ: სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე გასვლით შეისწავლეს საკითხი და დაადგინეს, რომ დაზიანებული და გადმოსაცემი ხეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 120 ძირს, რომლის მოცულობა საორიენტაციოდ შეადგენს 200 კუბურ მეტრს, საიდანაც შესაძლებელი იქნება მიახლოებით 140 კუბური მეტრი სამასალედ გამოსადეგი ნაწილის დამუშავება, რაც დიდი დახმარება იქნება სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.“ – აღნიშნულია მერიის ერთ-ერთი სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის მოხსენებით ბარათში.
რა სამუშაოები უნდა შეასრულოს ოზურგეთის მერიამ [მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე შეკვეთილში]? –
ეს სამუშაოები ჩამოთვლილია ინვოისში, რომელიც მერიის განაცხადს ახლავს:
- „ხის ჭრა და განსაზღვრული მიმართულებით წაქცევა
- მოჭრილი ხის ღეროს ტოტებისაგან გასუფთავება
- ტყეკაფის გაწმენდა და ხურგებად განთავსება ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე
- ხის მიტანა ტრაქტორით ან სხვა გამწევის ძალით დასატვირთ ბაქნამდე
- ხე-ტყის დატვირთვა ტრანსპორტზე
- ხე-ტყის ტრანსპორტირება სახერხ საამქრომდე [ქობულეთში]
- ხე-ტყის დახერხვა დამუშავება სახერხ საამქროში
- დამუშავებული მასალის დატვირთვა ტრანსპორტზე“.
შესყიდვების სააგენტოს ოზურგეთის მერია წერს, რომ მას „არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკა და საჭირო პერსონალი“ და ამიტომ უწევს სამუშაოებში ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებში 40 ათასი ლარის გადახდა. მერიის ინფორმაციით ამ სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვე დასჭირდება.
წყარო: "ბათუმელები"