შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-მა გარემოს ეროვნულ სააგენტოს „ქარელი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) წარუდგინა.

გზშ-ს ანგარიშის მიხედვით, „ენ-სი ჯგუფი 2022“ ჰესს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე აშენებს. კალაპოტური ტიპის „ქარელი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 14.8 მგვტ, გამომუშავებული ელექტროენერგიის საშუალო წლიური რაოდენობა 50.692 მლნ. კვტ.სთ. იქნება.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მტვარი ჰესების კასკადის პროექტის და მისი შემადგენელი ქარელი ჰესის პროექტის განხორციელება, მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის“, - აღნიშნულია გზშ-ს დოკუმენტში.

პროექტის თანახმად, ჰესის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 24 თვე იქნება. მშენებლობაზე დაახლოებით 70-80 ადამიანი იქნება დასაქმებული.

„ქარელი ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა 16-17 სექტემბერს ქარელის მერიაში, სოფელ ბრეთსა და სოფელ ბებნისში გაიმართება.

რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორის პოსტს ბოლო მონაცემებით გოჩა მუსელიანი იკავებს, წილების 100%-ს კი სრულად კოკა კოკოლაშვილი ფლობს.

ცნობისთვის, „ქარელი ჰესი“ წარმოადგენს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვრის ჰესების“ კასკადის შემადგენელ ნაწილს. მტკვარი ჰესების კასკადი მოიცავს ჯამში 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას. ეს ჰესები განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის ტერიტორიაზე.

უფრო კონკრეტულად, მტკვარი ჰესების კასკადი ითვალისწინებს შემდეგი ჰესების მშენებლობას:

  • კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები „ქსანი 1 ჰესი“ და „ქსანი 2 ჰესი“;
  • კასპის მუნიციპალიტეტი, „გრაკალი ჰესი“;
  • გორის მუნიციპალიტეტი, „სკრა ჰესი“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტი, „ქარელი ჰესი“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „ურბნისი ჰესი“;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ქვიშხეთი 1“ და „ქვიშხეთი 2 ჰესები“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, „ახალსოფელი ჰესი“;
  • კასპის მუნიციპალიტეტში, „კასპი ჰესი“;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ოსიაური ჰესი“.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი