ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მრავალძალის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის, მოსახლეობის და ინვესტორების პოზიცია სრულ თანხვედრაშია.

როგორც ქვრივიშვილმა მრავალძალის კურორტის განვითარების შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაინტერესება ყველა იმ ინვესტორის მხრიდან არის, რომელთაც რაჭაში, მათ შორის შოვში ტურიზმის მიმართულებით ინვესტირება სურდათ. BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის კომპანია „სიმეტრია“, რომელიც შოვის ტრაგედიამდე კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ კომპანია დაინტერესებულია და მათთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„მრავალძალზე ახალი კურორტის დაანონსებას წინ უსწრებდა არაერთი კვლევა, დისკუსია კერძო სექტორთან, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოხატული ინტერესი რაჭაში ინვესტირების კუთხით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და პოტენციური ინვესტორების აზრი არის სრულიად თანხვედრაში და საერთო პოზიციაა, რომ ნამდვილად, მრავალძალი არის ის კურორტი, სადაც უნდა განვავითაროთ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების, ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ, რომ შევისყიდოთ პირველი საჭირო სერვისები პროექტის დასაწყებად. გვაქვს საუბარი პოტენციურ ინვესტორებთან. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მრავალძალზე გამოხატული ინტერესი ფაქტობრივად ყველა იმ ინვესტორს გააჩნია, რომელსაც ჰქონდა სურვილი რაჭაში, მათ შორის შოვში გაეკეთებინა ტურისტული მიმართულებით ინვესტიცია. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ“, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვრცლად BMG - ზე