რუსთავში 50 000 ჰექტარზე საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა კითხვით მიმართა. როგორც  პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე „მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები“.

პარლამენტის წევრმა უწყებისგან რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო არეალის, პროექტის განხორციელების ვადებისა და დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

„მიმდინარე წლის 08 ივნისის N3128/3-79/26 თქვენი წერილის პასუხად, რომელიც შეეხება ქ. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის საკითხს, დანართის სახით წარმოგიდგენთ ქ. რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის არეალის სიტუაციურ ნახაზს.

აქვე გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები, რომლის დასრულების შემდგომაც დაიწყება პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება“ - წერია უწყების პასუხში, რომელსაც თან ახლავს არეალის სიტუაციურ ნახაზი.