ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტზე საშუალო წლიურმა ეფექტურმა სატარიფო განაკვეთმა, იმპორტის ღირებულების პროცენტულ მაჩვენებელში, 2025 წელს 7% შეადგინა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეყრდნობა აშშ-ის აღწერის ბიუროსა და USA Trade Online-ის ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც ასახავს სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე მოქმედ რეალურ სატარიფო ტვირთს.

სხვა ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ძირითადი ღვინის ექსპორტიორი ქვეყნები უფრო მაღალი სატარიფო განაკვეთების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განპირობებული იყო 2025 წლის განმავლობაში მათზე დაკისრებული სხვადასხვა დამატებითი ტარიფებით.

კერძოდ, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოებზე ეფექტურმა ტარიფმა 7.4% შეადგინა, იტალიაზე - 8.8%, ესპანეთზე - 9.3%, ხოლო გერმანიაზე - 9.3%. ყველაზე მაღალი ეფექტური სატარიფო განაკვეთი სლოვენიას (10%), ავსტრიასა (9.5%) და პორტუგალიას (9.4%) დაუფიქსირდათ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ტარიფები წლის განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. 4 აპრილამდე ისინი იბეგრებოდნენ ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის სტანდარტული განაკვეთით (MFN), რაც ლიტრზე დაახლოებით 6.3 ცენტს შეადგენდა. 5 აპრილიდან 7 აგვისტომდე ტარიფს დაემატა 10%-იანი IEEPA ბაზისი, ხოლო 8 აგვისტოდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და განაკვეთმა MFN-ს პლუს 15% შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, სომხური ღვინის იმპორტზე ეფექტურმა ტარიფმა 6.7% შეადგინა, ხოლო მოლდოვა მნიშვნელოვნად დაბალი - 3.7%-იანი ნიშნულით სარგებლობდა.

სატარიფო რეიტინგში ყველაზე შეღავათიანი პირობებით მექსიკა (0.0%) და კანადა (0.3%) ფიქსირდებიან, რაც მათსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგია. საპირისპიროდ, ახალი ზელანდიიდან შეტანილი პროდუქცია 9.4%-ით დაიბეგრა, ხოლო ავსტრალიისა და ჩილეს მაჩვენებლებმა თანაბარი, 5.5% შეადგინა.

gbc.ge