კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გელათის განადგურების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ კომისია ობიექტურად და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს, გაირკვევა, რატომ ჩავარდა ტაძრის გადახურვის სამუშაოები, რამაც გელათი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. მიიჩნევენ, რომ დასადგენია, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ შეცვალა რეაბილიტაციის გეგმა შუა გზაში და რატომ არ გაითვალისწინეს იუნესკოს რეკომენდაციები.

"წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ 5 წლის თავზე "ქართული ოცნების" გუნდმა აღიარა, რომ გელათის თავს ეროვნული ტრაგედია ტრიალებს. გელათი არის განადგურების პირას მისული. აქამდე თუ ისინი ტექნიკურ ხარვეზად აფასებდნენ იქ ამ უმძიმეს მდგომარეობას, დღეს უკვე საუბრობენ, რომ საშვილიშვილო საქმე უნდა გაკეთდეს და უნდა გადავარჩინოთო... დღეს თუ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, რაიმე ტიპის გამოძიებაზე უნდა საუბრობდეს პარლამენტის ფარგლებში, ეს გახლავთ გელათის გარშემო არსებული პრობლემების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო კომისიით," - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი დეა მეტრეველი.

კობახიძემ გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობა თითქოს აიღო, მაგრამ წულუკიანის დაშვებული შეცდომების აღიარება არც უცდია. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მმართველ ძალას პრობლემური წარსულის დაფარვა მომავლის ოპტიმისტური ხედვით სურს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები "არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“.

ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობას და ეკლესიას ერთობლივი გეგმა აქვს შემუშავებული გელათის გადასარჩენად, და "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას".

შეგახსენებთ, მოზაიკის და მოხატულობის უცხოელი ექსპერტები გელათში არსებულ სიტუაციას საკმაოდ მძიმედ აფასებენ. სამუშაოებში ჩართული უცხოელი ექსპერტები აცხადებენ რომ გელათის საბოლო რეაბილიტაციაა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

გელათის მოზაიკის კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელის რობერტო ნარდის თქმით, არსებობს მოზაიკის ჩამოვარდნის რისკი, რის გამოც მოწყობილი იქნება სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ მოზაიკას დაიკავებს.

საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განგაშის სიგნალი დიდი ხნის ჩართო. მისიის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ შემაშფოთებელი და აუხსნელია გადაუდებელი ჩარევების დაგვიანება და სამუშოების შესრულების გეგმის არარსებობა. უკვე წლებია, მეცნიერები ხელისუფლებლას აფრთხილებენ, რომ გელათი საფრთხეშია, თუმცა ამ დრომდე საკონსერვაციო პროგრამა არ არსებობს.

ცნობისთვის, 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში დაახლოებით 4 589 724 ლარი დაიხარჯა

"სამუშაოების არაკვალიფიციურად ჩატარების გამო გელათის ტაძრები დაზიანდა და მათი მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა!" აცხადებს პროფკავშირი

საქართველოს მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გელათის რეაბილიტაციაზე 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. განკარგულებით, თანხა ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშზე გადაირიცხება, შემდეგ კი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს გადაეცემა, მაგრამ ზუსტად რისთვისაა საჭირო ეს თანხა, განკარგულებაში მითითებული არ არის.

ცნობისთვის, გელათი ივლისიდან დახურულია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.

წყარო: tvpirveli.ge