საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში ჰაკათონის Energo Hack 2025-ის დემო დღე გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპის ავტორებს GITA - ს  10 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. EcoMetrics-ი  თამაშის სტილის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა რჩევებით, გამოწვევებითა და თამაშებით ასწავლის ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც საშუალოდ 10-20% - მდე ამცირებს მათ მოხმარებას.

ჰაკათონის  მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.  ჰაკათონის 60-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე, დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს.

ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

Energo Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულმა მეწარმეებმა, სტარტაპებმა და სტუდენტებმა, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მისი რჩეული პროექტის ავტორ გუნდს სტაჟირება შესთავაზა. ჰაკათონის გენერალურმა პარტნიორმა - სემეკის მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კი თავის რჩეულ გუნდს გადასცა 5 000 ლარის ოდენობის გრანტი. ასევე ჰაკათონის მონაწილეებს პროექტის სხვა პარტნიორებისგან გადაეცათ პრიზები.

პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

ჰაკათონის მხარდამჭერი - სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია);

ჰაკათონის გენერალური პარტნიორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი;

ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები),  GRPC  (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი  ოკეანე, სოკარი“ - ნათქვამია ინფორმაციაში.