"გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება" აცხადებს, რომ 2023 წლის დეკემბერში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს მოსთხოვეს ფინანსური ანგარიშები ბიუჯეტიდან გადმორიცხული და დახარჯული თანხების შესახებ, თუმცა პასუხად წერილობით მიიღეს მხოლოდ ასეთი ცნობა:

“დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი, რომელიც ჯერ სრულად არ არის ათვისებული.”

ჟირნალისთა გაერთიანება საპატრიარქოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს თანხა მოხმარდა მხატვრობის მონიტორინგისთვის და კონსერვაციისთვის საჭირო ინვენტარს, დოკუმენტაციას, პროექტებს და გეგმებს. თანხის ნაწილი დაიხარჯა საიტის შექმნაზე. ამ სამუშაოებიდან რომელი რა დაჯდა, ან ვის რამდენი გადაუხადეს, უცნობია, რადგან საპატრიარქომ ხარჯები გამომძიებელ ჟურნალისტებს დაჯამებულად მიაწოდა და არა ჩაშლილად/დაკონკრეტებით.

"მოგვწერეს, ფინანსურ ხარჯებს, ყოველწლიურად, ივლისის თვეში, საიტზე ავტვირთავთო, თუმცა, მსგავსი მონაცემები საიტზე განთავსებული ჯერაც არაა. ყოფილ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის 2024 წლის მარტის განკარგულებით, საპატრიარქომ ბიუჯეტიდან კიდევ 7.5 მილიონი ლარი მიიღო გელათში საკონსერვაციო, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების გასაგრძელებლად. განკარგულებაში თანხების მიზნობრიობაზე მეტი დეტალი არ წერია," - წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

მათივე ინფორმაციით, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ორგანიზაციას არ მოაწოდა საპატრიარქოს მიერ მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან (სტივენ რიკერბი, ლიზა შეკედე, რობერტო ნარდი, ანდრეინა კონსტანცი კობაუ, გერჰარდ ვოლფი) გაფორმებული ხელშეკრულებები და ინფორმაცია მათი ანაზღაურების შესახებ.

"საპატრიარქოს მმართველობის პირობებში, ბურუსით მოცული გახდა, კონკრეტულად რა სამუშაოებზე იხარჯება გელათის გადასარჩენად გამოყოფილი მილიონები. როცა რეაბილიტაციისპროცესს სამინისტრო უძღვებოდა, სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერებს მაინც ვნახულობდით.

ვიგებდით მსგავს დეტალებს – სპეციალისტების გასამრჯელოს ოდენობას, მათი ფრენის ბილეთის ფასს და კვების ხარჯებსაც კი. ახლა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,"  - აცხადებენ "გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაში." 

წყარო: ifact.ge