თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩა #5-7-ში (ყოფილი ლესელიძე) სავაჭრო ცენტრი შენდება. მფლობელი კომპანია შპს „აგუნა“ არქიტექტურის სამსახურისგან შეთანხმებული 4 სართულიანი პროექტის ნაცვლად 6 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას ელოდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 1970-1980-იან წლებში აშენებული 2 სართულიანი ნაგებობა შიდა ეზოთი, რომელსაც არ გააჩნდა ძეგლის სტატუსი.
„ჩვენს მიერ დამუშავებული ესკიზური პროექტის მიხედვით, ობიექტი წარმოადგენს 6 სართულიან ნაგებობას სარდაფით.
ფუნქციურად შენობა წარმოადგენს მრავალ ფუნქციურ სავაჭრო ობიექტს. ნაგებობის 4 სართულზე განთავსთდება სავაჭრო სივრცეები მე-5 სართულზე მოეწყობა კაფე რესტორანი, ხოლო სარდაფი გამოყენებული იქნება ტექ. დანიშნულების სათავსოებისთვის.
ესკიზური პროექტის მიხედვით, შენობას ექნება სამი შესასვლელი კ. აფხაზის ქუჩის მხრიდან ასევე ქუჩების კვეთაზე განთავსებული კიბიდან და კ. აფხაზის ჩიხიდან. პროექტით გათვალისწინებულია 2 კიბე და 2 ლიფტი. ასევე კ.აფხაზის ჩიხის მხრიდან შენობას ექნება მცირე ზომის ეზო“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ტერიტორიის მფლობელი და მშენებლობის დამკვეთი არის შპს აგუნა, რომლის დირექტორი ჯალილა ამოევია, მესაკუთრე კი სააქციო საზოგადოება „თბილისი ჯგუფია“, რომლის დირექტორი ასევე ჯალილა ამოევია.
შპს „აგუნას“ წილებს წარსულში სხვადასხვა დროს ასევე ფლობდნენ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. ზურაბ ტყემალაძის შვილი ირაკლი ტყემალაძე კი 2023 წლის იანვრამდე შპს-ს დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.