დღეს ხელისუფლებამ აღიარა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც ისტორიული გადმონაშთია. ეს გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგობიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა იწვევდა აქამდე პროექტების გაჭიანურებას.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან შეხვედრა სექტორის გაჯანსაღებისკენ იყო მიმართული.

ამ კონტექსტში მან ინდექსაციის მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, ინდექსაცია შეხება როგორც მიმდინარე პროექტებს, ასევე მომავალ ტენდერებსაც.

„ბოლო პერიოდში ხშირი შეხვედრები გვქონდა პრემიერ -მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან. ეს იყო გარდამტეხი შეხვედრა. ეს სიახლეები მიმართულია სექტორის გაჯანსაღების კუთხით. ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. ინდექსაციის კომპონენტი შეეხება როგორც მიმდინარე კონტრაქტებს, ასევე ტენდერებში შესყიდვების კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები და გარკვეული კრიტერიუმების შემთხვევაში, ავტომატური ინდექსაციით გამოცხადდება უკვე ტენდერები. ეს არ იქნება იმპულსურ მოვლენებზე მიბმული.

დღეს ხელისუფლებამ აღიარა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც ისტორიული გადმონაშთია. ეს გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა, თუმცა ცალსახად, პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობა ნაბიჯებს დგამს, რომ სექტორში არსებული ნომენკლატურას სწორი ქმედითი ნაბიჯებით უპასუხოს. ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას. დღეს ფასწარმოქმნის ნაწილში სახელმწიფომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ აღიარებული ყოფილიყო ის პირდაპირი დანახარჯი პროექტთან დაკავშირებით, რაც არის მობილიზაცია და ასეთი ტიპის ხარჯები“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

www.interpressnews.ge