აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 50 ქვეყნის მოქალაქეები გაათავისუფლა 15 000 დოლარის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნისგან იმ შემთხვევაში, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი ექნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული ქვეყნებიდან ხუთი – ალჟირი, კაბო ვერდე, კოტ დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი უკვე მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად მასპინძლობენ.
„ჩვენ სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას ვაუქმებთ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, – განუცხადა „ბიბისის“ საკონსულო საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
მედიის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშეები და მწვრთნელები უკვე გათავისუფლებული იყვნენ ამ მოთხოვნისგან, თუმცა ეს შეღავათი არ ვრცელდებოდა გულშემატკივრებზე, რომლებსაც მატჩის ბილეთები ჰქონდათ.
ფიფა-ში აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
ირანისა და ჰაიტის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. თუმცა ამ ქვეყნების ფეხბურთელები და მწვრთნელები მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მგზავრობისას გამონაკლისს წარმოადგენენ.
ცნობისთვის, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გასულ წელს ამოქმედდა და ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირებას ისახავდა მიზნად.