"გამოიკვეთა ახალი მოთამაშეების ინტერესი, რომ „შუა დერეფნის“ გავლით აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში წარმოებული სასუქების გადაზიდვა მოხდეს, - ამის შესახებ Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
მამუკა მურჯიკნელმა გადაცემა „საქმის კურსში“ სტამბოლში, “Argus”-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაერთი ქვეყანა ხედავს პოტენციალს სასუქების ტრანსპორტირებისთვის საქართველოზე გამავალი დერეფნის გამოყენება მოხდეს.
„ცენტრალურ აზიაში სულ უფრო იზრდება სიმძლავრეები, რომ მეტი სასუქის წარმოება მოხდეს და ეს ძალიან სასიხარულოა, რადგანაც ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენ, არა როგორც ერთ ტერმინალს, არამედ მთლიანად „შუა დერეფნის“ განვითარებას. იკვეთება, რომ მოხდება მეტი ტვირთის წარმოება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ, როგორც კომპანია ვემზადებით, მაგრამ, ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მოთამაშის მზადყოფნა არ ეყოფა ამას და აქ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, საპორტო და სარკინიგზო მიმართულებით. ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან ცენტრალურ აზიაში, ასევე მეზობელ აზერბაიჯანში და ვიმედოვნებ, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდება ამ სექტორში. თვითონ რკინიგზამ უნდა მოახდინოს ელმავლების შეძენა, სავაგონო პარკის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს, მეტი ტვირთის მოზიდვას და კერძო კომპანიების მხრიდანაც მეტი ფულის დაბანდებას“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელი.
Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია მზადაა 300%-ით გაზარდოს მათ საკუთრებაში არსებული სატერმინალო სიმძლავრეები, თუმცა, ამისათვის, მნიშვნელოვანია სხვა მოთამაშეების სინქრონული ნაბიჯები, რადგანაც ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული.
„ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს არის ჯაჭვური პროცესი. იმიტომ რომ მზად უნდა იყოს იგივე აზერბაიჯანის რკინიგზა, აზერბაიჯანში მიმღები პორტები, ჩვენი რკინიგზა და საპორტო ინფრასტრუქტურა. ძალიან იმედიანად ვუყურებთ, ანაკლიის პორტის პროექტს და მზად ვართ, რომ მივიღოთ იქ მონაწილეობა, ან სხვაგან სადმე, თუ მოხდება, მაგალითად ფოთის ან ბათუმის პორტების გაფართოება. ინტერესი გვაქვს, რადგანაც ვიცით, რომ არსებობს ტვირთი და გვინდა ვიყოთ ჩართულები ამ ტვირთის საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვაში“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელმა.
მისი თქმით, დღეს, "ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის" სიმძლავრე 1-1.5 მლნ ტონამდეა და ეს სიმძლავრე წელსაც ათვისებული იქნება, თუმცა მათ აქვთ მეტი ამბიცია და არსებობს შესაძლებლობაც რომ მეტი ტვირთის მოზიდვა მოხდეს.