2026 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე 150 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაზეც წელსაც 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ამასთან, მომდევნო წელს უნდა დაიწყოს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რისთვისაც 45 მილიონი ლარის გათვალისწინება იგეგმება, 2027 წელს კი გზის მშენებლობაზე 125 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი ასევე 125 მილიონი ლარი. ადგილზე პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს 2024 წლის ზაფხულში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ახორციელებს.

"პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.

მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის მიღების პროცედურები. სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2025 წლის ნოემბერში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის/მიწახაპია შემოსვლა ნიადაგის გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელებისთვის, 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება. შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (ტალღმტეხელი, დაღრმავებული შემოსასვლელი არხი და მოსაბრუნებელი არხი), ხოლო იმისთვის რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი. წყლის ნაგებობის (,,Breakwater” ე.წ. ,,ტალღისმჭრელი“) მშენებლობა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების (,,Dredging”) განხორციელება.

აშენებული 18 კმ-იანი საავტომობილო გზა ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაჩქარებულ მშენებლობას. აშენებული საავტომობილო გზა შემდგომში გამოყენებული იქნება ტვირთბრუნვისათვის", - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

აღნიშნულ პროექტებს მთავრობა ახორციელებს როგორც პორტის აქციონერი, პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან, რომელიც 2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ დასახელდა, თუმცა ამ დრომდე მასთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა. სექტემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს ექვსი ძირითადი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც CCCC-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მოლაპარაკებებია. არის უამრავი დეტალი. არის ექვსი ძირითადი საკითხი რომელიც ინვესტორთან დაზუსტებას საჭიროებს და ეს ყველა საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით მაშინვე მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

bm.ge