გუდაურში 30 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოებს სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეი“ შეასრულებს.

პროექტის ფარგლებში დემონტაჟდება ორი მოქმედი საბაგირო, 600 მეტრი სიგრძის „ხადასა“ და 815 მეტრი სიგრძის „სნოუპარკი“. მათ ნაცვლად დამონტაჟდება ორი ბიგელის ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრი იქნება, ასევე 200 მეტრი სიგრძის დახურული მოძრავი ხალიჩა.

გარდა ამისა, 7 500 მეტრი სიგრძის სასრიალო ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მოეწყობა. ახალი ინფრასტრუქტურის ასამოქმედებლად კომპანიამ შესაბამისი ნებართვები და ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიპოვოს.

სამუშაოების დასრულება 2026 წლის 15 დეკემბრამდეა დაგეგმილი. პროექტის ღირებულებიდან 9.3 მილიონი ლარი „ემ თი ეის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი კაპიტალური ხარჯებიდან დაფინანსდება. დარჩენილი 20.7 მილიონი ლარის მოძიება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს 2027 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესში დაევალათ.