გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 2 კილომეტრი  სიგრძის  ქვემო მაგისტრალური  არხი იწმინდება. 

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება,  რაც დაახლოებით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფელ  ლემშვენიერას მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს  დასრულების ეტაპზეა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.