სოფელ განმუხურსა და ანაკლიაში საზღვაო სანაპირო ზოლის განახლება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საბავშვო სათამაშო სივრცეები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, ახალი სამშენებლო ობიექტები, კვების სივრცეები, არქიტექტურული ობიექტები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, ავტოპარკინგი, ჭადრაკის მაგიდები და ა.შ.

„არსებული ტერიტორია უნდა იქცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ვიზიტორთათვის მიმზიდველ სივრცედ, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური კავშირების გაღრმავებას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ტურისტული მიმზიდველობის გაზრდით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთი ბაზრის კვლევა გამოაცხადა ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლებისთვის საჭური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის.

მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო ტერიტორიის მთლიანი ფართობი 244.65 ჰა-ს შეადგენს და მოიცავს: ზღვის სანაპიროსა და პლაჟს, მალთაყვის ტყე-პარკს, ოქროს ტბის სანაპიროს, ვერცხლის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, თესეას ტბის სანაპიროს და რიონის არხის ორივე სანაპიროს, ნიკოლაძის კუნძულთან.

ამ შემთხვევაშიც ადგილზე დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცეების, კვებისა და გასართობი ობიექტების, საბავშვო სივრცეების, სპორტული ობიექტების, ბილიკებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რაც შეეხება ვადებს, პროექტის განხორციელება ორივე შესყიდვის შემთხვევაში უნდა მოხდეს 8 თვეში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი