საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
„მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-ს შეადგენს.
ფოთის ხიდი სულ ხუთმალიანი კონსტრუქციისგან შედგება და ლითონის კოჭების მოწყობა განხორციელდა მდინარის ორივე მხრიდან. სამუშაოების ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენდა მდინარის კალაპოტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მე-3 მალის მოწყობა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული და აღნიშნულ მონაკვეთზე კოჭის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ხიდის ორივე მხრიდან მოწყობილი კონსტრუქციები ერთმანეთს საბოლოოდ შეუერთდა.
ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 5 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.
ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
ხიდის მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ ასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.