ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტების დაფინანსების გეგმა 10 წევრ სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და რუმინეთში უსაფრთხო და დაცული ავტოსადგომების აშენებასა და განახლებას ითვალისწინებს. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, დაფინანსდება ურბანული მობილურობის პროექტები, რომლებიც მულტიმოდალური სამგზავრო ჰაბების მშენებლობას ან მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
,,ასეთი ჰაბები, რომლებიც ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, მოეწყობა – ნორჩოპინგში (შვედეთი), ნიცასა და მარსელში (საფრანგეთი) და ბოლცანოში (იტალია)." - აცხადებენ კვლევით ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი ფინანსურ სახსრებს მიმართავს უკრაინასა და ევროკავშირს შორის „სოლიდარობის დერეფნების“ (ხორბლის უსაფრთხო გადაზიდვის დერეფნები იგულისხმება) ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.
,,პროექტები მიმართული იქნება სლოვაკეთსა და უკრაინას, ასევე რუმინეთსა და მოლდოვას შორის სარკინიგზო კავშირებისა და სასაზღვრო გადასასვლელებზე ევროპული ლიანდის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.
ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინას ევროპული ლიანდის გამოყენებაში დაეხმარება, რაც საზღვრისპირა რკინიგზის რეგიონებში შეუფერხებელ გადაადგილებას და რეგიონულ ვაჭრობაში შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა ფონდის დაფინანსებით – პოლონეთის საზღვრიდან უკრაინის ქალაქ ლვოვავმდე, მოეწყობა ევროპული ლიანდის რკინიგზა",- აცხადებენ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში".
როგორც ცნობილია ევროკავშირმა 94 პროექტი შეარჩია, რომელთა დასაფინანსებლად გრანტის სახით ჯამურად 2.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. პროექტებთან დაკავშირებით ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას 2025 წლის ოქტომბერში მიიღებს და ინდივიდუალურად გააფორმებს შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებას.