მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისი წესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით მომზადდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაცია საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.

უწყების განმარტებით, ახალი რეგულაცია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია.

რეგულაციის მთავარი მიზანი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნაა.

სააგენტოს განცხადებით, მიღებული ინფორმაცია შესაძლებელს გახდის წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების უკეთ მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებასა და საჭირო რეკომენდაციების მომზადებას.

დადგენილების მიხედვით, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნება ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა, რომლის განახლებაც პერიოდულად მოხდება.