ნეპალის პოლიცია წყალდიდობის შედეგად წაღებულ სეიფებს ეძებს, რომლებშიც დიდი ოდენობით ნაღდი ფული და ოქრო ინახებოდა. სტიქიამ, სულ მცირე, 20 ბანკი დააზარალა, ამის შესახებ გამოცემა The Times of India წერს. 

წყალდიდობის შედეგად რასუვას, დჰადინგისა და ჩიტვანის რეგიონებში საბანკო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიურმა ნაკადმა სეიფების ნაწილი წაიღო, ნაწილი კი ტალახის სქელმა ფენამ დაფარა.

ნეპალის პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილე აბი ნარაიან კაფლეს განცხადებით, სამართალდამცველები დაკარგული ძვირფასი ნივთების აღმოჩენას და მათ შესაძლო ძარცვისგან დაცვას ცდილობენ. მისივე თქმით, ადგილობრივებმა უკვე დაიწყეს სტიქიის შედეგად წაღებული სეიფების გახსნა და მათი შიგთავსის მითვისება.

სამართალდამცველებისთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავ დაკარგული ადამიანების ძებნა რჩება.

სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 26 აგვისტოს დილით დაიწყო. წყალდიდობა ჩინეთის საზღვართან, „რასუვაგადის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია. წყლის, ტალახისა და ქვების მასა მდინარის კალაპოტში 70 კილომეტრზე მეტ მანძილზე გავრცელდა და გზად დასახლებები დაანგრია.

წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობას ნეპალში, სულ მცირე, 1056 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 4500 ადამიანი დაკარგულად ითვლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულთა შორის 12 რუსეთის მოქალაქეა.