ურბანისტი ანა ბიბილაშვილი განმარტავს, რატომ ითვლება თბილისში მიმდინარე პროცესები „ქაოსურ განაშენიანებად“ და რა საფრთხეს უქმნის დედაქალაქს გენერალური გეგმიდან ხშირი გადახვევა. მისი თქმით, პრობლემა არა თავად დოკუმენტში, არამედ მის აღსრულებაშია.
ბიბილაშვილის განცხადებით, 2019 წელს მიღებული თბილისის გენერალური გეგმა თავისთავად კარგი დოკუმენტი იყო, თუმცა მისი პრაქტიკაში გამოყენება არ ხდება. ურბანისტი აღნიშნავს, რომ გენგეგმა იცვლება ყოველ ჯერზე, როდესაც დეველოპერს კონკრეტულ არეალში მშენებლობის სურვილი უჩნდება.
“რა არის ქაოსური განაშენიანება და რატომ ვეძახით თბილისში მიმდინარე მოვლენებს ქაოსურ განაშენიანებას - ეს ხდება მაშინ, როდესაც თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც შეიმუშავეს, იცვლება ყოველ ჯერზე, როდესაც დეველოპერს ამის სურვილი აქვს. ანუ თბილისის გენერალური გეგმა, როგორც დოკუმენტი, საკმაოდ კარგი დოკუმენტი იყო, როდესაც შემუშავდა და მას რომ გაჰყოლოდა ქალაქი, დღეს გაცილებით უფრო მოწესრიგებული ქალაქი გვექნებოდა.
გენგეგმას ყოველ ჯერზე არ შეიძლება გადავუხვიოთ. გენერალური გეგმა მისი მიღებიდან დღემდე ძალიან ბევრჯერ შეიცვალა... თქვენ შეგიძლიათ ყოველკვირეულად, როდესაც საკრებულო იკრიბება და გენგეგმაში ცვლილება შეაქვს, თვალი ადევნოთ რამდენი ცვლილება შევიდა. მათ შორის იმ არეალებში, რომელიც არის მჭიდროდ განაშენიანებული, კიდევ დაემატა საცხოვრებელი კორპუსები, კიდევ დაემატა განაშენიანება, შესაბამისად კიდევ დაემატა დატვირთვა. ეს არის ქაოსი, რომელზეც ვსაუბრობთ.
ქაოსი არის ის, რომ საკრებულოში ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ გენგეგმაში ცვლილებები შევიდეს, არცერთ შემთხვევაში გენგეგმის ავტორებთან კონსულტაციას არ გადიან. ეს არის ქაოსი, არადა ეს არის დოკუმენტი, რომელიც პროფესიონალებმა შეიმუშავეს, თუ როგორ გადავარჩინოთ ეს ქალაქი. პირდაპირი მნიშვნელობით გადასარჩენია ეს ქალაქი თავისი მთელი ეკოლოგიური, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და იმ ქაოსური მშენებლობის გამო, რაც ქალაქში ხდება.”-ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, "რა ქაოსზე ვსაუბრობთ?! სად არის ქაოტური განაშენიანება?!" - ასეთი განცხადება გააკეთა კახა კალაძემ თბილისში არსებულ მშენებლობებზე და განაშენიანებაზე, რომელიც წლების ურბანისტების კრიტიკის საგანია. როგორც კალაძემ აღნიშნა, საცობებს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რასთანაც მშენებლობა კავშირში არ არის. მისი შეფასებით, ქალაქის განვითარება ხდება გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წელს იქნა მიღებული, ხოლო პროექტები, რომელიც ურბანულად საერთო ხედვას ეწინააღმდეგება არ ხორციელდება.