გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა და მარჯვენა მაგისტრალური არხი დაათვალიერა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან არსებული მხარდაჭერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 131 კილომეტრი სიგრძის გამანაწილებელი სარწყავი ქსელი მოეწყო.
აღნიშნულ ქსელში 122 კმ სიგრძის დახურული მილსადენი, ხოლო 9 კმ სიგრძის ღია არხებია.
43,65 მლნ ლარის ღირებულების აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ საგარეჯოს, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ სოფელში 6050 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
2024-2029 წლების პერიოდში მსოფლიო ბანკი (WB), საქართველოს მთავრობასთან ერთად, 150 მლნ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტს „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL) ახორციელებს, სადაც საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობა 75 მლნ ევროს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.