„დაინტერესება უკვე ძალიან დიდია, დასაწყისისთვის არც ველოდით ამხელა ინტერესს“, - ამის შესახებ Tbilisi Dry Port-ის დირექტორმა ნინო ნემსაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და პორტის ამოქმედებიდან ერთი თვის მონაცემები შეაჯამა.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Dry Port-მა გადაზიდვები 2025 წლის 22 აპრილს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის საკონტეინერო ტერმინალი 93 ათას კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი. გარდა საკონტეინერო ინფრასტრუქტურისა, ადგილზე განთავსებულია სასაწყობო მეურნეობა. აღსანიშნავია, რომ პორტებთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი იძლევა საშუალებას, რომ კონტეინერები არა სახმელეთო გზით, არამედ რკინიგზით გადაიზიდოს.
„ერთი თვეა რაც გაიხსნა პორტი, დაინტერესება უკვე ძალიან დიდია, დასაწყისისთვის არც ველოდით ამხელა ინტერესს. ნელ-ნელა ვუმკლავდებით მოთხოვნას და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ტვირთბრუნვა. სხვადასხვა სახის ტვირთი მივიღეთ კონტეინერებით, თუმცა, ამ ეტაპზე ტვირთის დაზუსტებულ კატეგორიებს ვერ გეტყვით, დამუშავების პროცესი მიმდინარეობს,“ - აღნიშნავს ნინო ნემსაძე.
ცნობისთვის, Tbilisi Dry Port განლაგებულია კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, შუა დერეფნის შუაგულში და ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის პორტებს. 2024 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა. მაშინ AD Ports Group-ი იტყობინებოდა, რომ პროექტი სამ ფაზად განხორციელდება. პროცესების დასრულების შემდეგ ობიექტის საწყობი განლაგებული იქნება 100 000 კვ.მ-ზე და 286 ათას TEU საკონტეინერო ტვირთს გაატარებს.