ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა.
პირველი შესყიდვა უშედეგოდ დასრულდა, რადგან ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. ის 16 ივნისს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების წარდგენა 11 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით იყო შესაძლებელი.
ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება.
გამარჯვებულ კომპანიას დაევალება „მაგნოლიას“ კომპლექსის რეაბილიტაციის სრული პროექტის მომზადება. სწორედ საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმითა და მასშტაბით განახლდება შენობა. მომდევნო ეტაპზე მთავრობა უკვე უშუალოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამოაცხადებს.
საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 15 012 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
კომპლექსის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მიმდინარე წლის 31 მაისს განაცხადა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „მაგნოლიას“ უძრავი ქონება სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებისა და განჩინების საფუძველზე მრავალჯერადი ყადაღით არის დატვირთული.