ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას აქვს პოტენციალი გახდეს საიმედო ალტერნატიული გზა გლობალურ ვაჭრობაში - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი/ Hegelmann Georgia ბიზნესის განვითარების მენეჯერი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს. სალომე დანელია თვლის, რომ ახალი სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ტვირთების გადანაწილებას გამოიწვევს, თუმცა რკინიგზაზე ყველა ტიპის ტვირთი არ გადავა. სწრაფი მიწოდების პროდუქტები (FMCG) კვლავ სამანქანო გადაზიდვებზე დარჩება, ხოლო დიდი მოცულობის, დაბალი ღირებულებისა და რეგულარული ტვირთები რკინიგზაზე გადაინაცვლებს. ნაყარი ტვირთებისთვის კი საზღვაო გზა კვლავ ოპტიმალური დარჩება. სალომე დანელია მიიჩნევს, რომ პროექტი ბაზარზე ახალ ეკონომიკურ აქტორებს შემოიყვანს, რომლებიც ადრე, რისკების ან ბიუროკრატიის გამო, რკინიგზას არ იყენებდნენ.

“მოკლევადიან პერიოდში ტვირთების გადანაწილება ცხადია მოხდება. საზღვაო და ჩვეულებრივი სამანქანო გადაზიდვის ალტერნატივად მოხდება მისი ჩანაცვლება. ერთიანად ყველა სახის ტვირთის გადმოტანა სარკინიგზო ტრანსპორტზე ვერ მოხდება. არის ისეთი ტიპის ტვირთები, რომელიც ე.წ სწრაფი მიწოდების FMCG ტვირთებია, რომელიც უფრო მეტად კვლავ შენარჩუნდება სამანქანო გადაზიდვის მიმართულებით, ხოლო უფრო დიდი წონის, უფრო დაბალი ღირებულების რეგულარული ტვირთები მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში სარკინიგზო ტრანსპორტირებაზე გადამისამართდეს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ე.წ ნაყარი ტვირთების გადაზიდვა ძალიან ოპტიმალური და აპრობირებულია საზღვაო შემთხვევაში და აქაც მოსალოდნელია ჰიბრიდული გადანაწილების პროცესი საშუალოვადიან პერიოდში.

გრძელვადიან პერიოდში უკვე ახალი ეკონომიკური აქტორები გამოჩნდება ბაზარზე და ის კომპანიები, რომლებიც არ განიხილავდნენ მაღალი რისკის ფაქტორის გამო ან ვთქვათ სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემისა და ბიუროკრატიული პროცესების გამო სარკინიგზო გადაზიდვას, შეიძლება ამ შემთხვევაში უკვე ახალი ეკონომიკური აქტორები უფრო მეტად გააქტიურდნენ, თუკი შესაბამისი მომსახურების სისტემებიც იქნება გამართული”,- აცხადებს სალომე დანელია.

წყარო: bm.ge