ბაქო-თბილისი-ბათუმის და ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლი-ევროპის მიმართულებებზე სამგზავრო ტურისტული მატარებლის ამოქმედების შესაძლებლობაზე მსჯელობა დაიწყო.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის აზერბაიჯანელი ექსპერტის, რაუფ აგამირზაევის, მოსაზრებით, ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტი მხოლოდ თბილისში არ უნდა სრულდებოდეს და ის ბათუმამდე უნდა გაგრძელდეს. მისი ხედვით, მარშრუტი დამოუკიდებელ ტურისტულ პროდუქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს და მგზავრებს ერთ მოგზაურობაში თბილისისა და ბათუმის მონახულების შესაძლებლობა მისცეს.

პერსპექტივაში განიხილება ორი მიმართულების მოდელი: ბაქო-თბილისი-ბათუმი და ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლი-ევროპა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი თავდაპირველად როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანებისთვის იყო გათვალისწინებული. სამგზავრო მიმოსვლის დაწყება 2019 წელს იგეგმებოდა. ამ მიზნით აზერბაიჯანმა შვეიცარიული Stadler Rail-ისგან 10-ვაგონიანი ორი სამგზავრო შემადგენლობა 134 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა.

მატარებლები გათვლილია როგორც 1520 მმ, ისე 1435 მმ სიგანის ლიანდაგებზე მოძრაობაზე. შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2018 წლის ბოლოს ახალქალაქის სადგურშიც მოეწყო, სადაც ვაგონების ურიკების ავტომატური გაფართოებისა და შევიწროების სისტემა დამონტაჟდა. მისი საშუალებით ვაგონების გადაყვანა სხვადასხვა სიგანის ლიანდაგზე სვლის შეჩერების გარეშეა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ამ დრომდე სრულად გამოყენებული არ არის. პროექტის განხორციელებისთვის ასევე აუცილებელია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შესაბამისი საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების შეთანხმება.

იდეის ავტორების შეფასებით, არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობების გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ბათუმის და ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლი-ევროპის ტურისტული მატარებლების შექმნა შესაძლებელია, თუ შესაბამისი ქვეყნები ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ნახეთ ვრცლად: TCRC