აშშ-მა ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდი, Trans-Caspian Enterprise Fund, აამოქმედა, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის გასწვრივ, კერძო სექტორის ინვესტიციების წახალისებაა. ფონდი აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი $201 მილიონითაა კაპიტალიზებული. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ფონდს ახლად არჩეული დირექტორთა საბჭო ხელმძღვანელობს და ის უკვე ფუნქციონირებს. ინიციატივა უკავშირდება ვაშინგტონის უფრო ფართო გეგმას, გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას.
რუბიომ ფონდის ამოქმედების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების პირველი წლისთავზე განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში პროგრესი დაფიქსირდა Trump Route for International Peace and Prosperity-ის, TRIPP-ის განვითარებაშიც. პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო, საავტომობილო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ერთ-ერთ დამაკავშირებელ რგოლად განიხილება.
შუა დერეფანი ცენტრალურ აზიასა და ევროპას კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. მარშრუტში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოსაც უკავია. მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს მონაკვეთის გამტარუნარიანობისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად $372-მილიონიანი TC-GATE პროექტი დაამტკიცა.
წყაროები:
https://www.ft.com/content/a1ea2038-b4d7-4d94-bd02-bfb65d730f45