"უძრავ ქონებაზე ფასების მცირე ზრდას კვლავ ველოდები და არ ვფიქრობ, რომ ფასები გაჩერდება ან მით უმეტეს ქვემოთ წამოვა", – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო კვარტალის სტაბილურობიდან გამომდინარე, 2026 წელს ბაზარზე ვითარების კიდევ უფრო მეტად დასტაბილურებაა მოსალოდნელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბარია ბაზრის გაჯერებაზე, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე კვლავ მზარდია, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. შესაბამისად, მოლოდინია, რომ 2026 წელი უფრო მაღალი ზრდით დასრულდება“, - აცხადებს ის.
მისი ინფორმაციით, უცხოელ მომხმარებელს შორის განსაკუთრებულად გააქტიურებულია ისრაელი, ასევე აზიური და დსთ-ს ქვეყნები. ევროპის მხრიდან აქტივობა შედარებით ნაკლებია, თუმცა ბოლო კვარტალში ამ მიმართულებითაც გარკვეული გააქტიურება შეინიშნება. ამ ფონზე, „მეტროპოლი“ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურობას გეგმავს და 2026 წელს მინიმუმ სამ საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მიღებას აპირებს, რაც იმედაშვილის თქმით, კომპანიის ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, წლის დასაწყისშივე იგეგმება რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და თბილისის ცენტრალურ უბნებში მასშტაბური, თანამედროვე დიზაინის პროექტების გაყიდვების დაწყება. პარალელურად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტებისა და ფასების მიმართულებითაც მომხმარებლებს ახალი შეთავაზებები ექნებათ.
რაც შეეხება 2025 წელს, მისი შეფასებით, სექტორისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, კომპანია წელს წარმატებულად ხურავს.
„წინა წელთან შედარებით, კომპანიაში ზრდა დაახლოებით 20-25% დაფიქსირდა. განსაკუთრებით, სტაბილური აღმოჩნდა ბოლო კვარტალი, რაც ზოგადად ბაზარზე ვითარების თანდათან დასტაბილურებით არის განპირობებული“, - აღნიშნა იმედაშვილმა.