„რა თქმა უნდა, არსებობს ამის შესაძლებლობა…“, – ასე პასუხობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, „არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფო საკონტროლო პაკეტის მიუხედავად, ანაკლიის პორტი „ჩინური ვალის მახეში“ აღმოჩნდეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმისა შესახებ, რომ „განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ე.წ „ჩინური პრეფერენციული სესხები „ვალის მახის დიპლომატიის” მექანიზმს წარმოადგენს“. ჩინეთი გასცემს დიდი მოცულობის სესხებს განვითარებად ქვეყნებზე, რასაც სახელმწიფოთა ნაწილი ვერ იხდის – შედეგად, ჩინურ მხარეს სესხების სანაცვლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტები „მიაქვთ“.
ხელისუფლების განცხადებით, ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურა 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, მშენებლობისთვის გამოყოფილია 220 მლნ ლარი. ამასთანავე, სახელმწიფომ ეძებს პარტნიორს სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილში, სადაც სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი 51% იქნება, ინვესტორი კი 49%-ში უნდა შევიდეს.
აღმოჩნდება თუ არა ანაკლიის პორტი „ჩინურ ვალის მახეში“?
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, აღნიშნული საკონტროლო პაკეტის მიუხედავად, არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ პორტში ჩინეთი რაიმე ფორმით შემოვიდეს და შედეგად ქვეყანა „ვალის მახეში“ გაებას, პაატა ცაგარეიშვილი პასიხობს:
„51%-იანი საკონტროლო პაკეტი, დაახლოებით რომ გადმოვთვალოთ ფინანსურ ეკვივალენტში, 400 მილიონზე მეტის ტოლფასია. ამ „თამაშის წესებში“ საქართველო უნდა შევიდეს ღიად 400 მილიონით კონტრიბუციით. კითხვა დავსვათ, აქვს სახელმწიფო ბიუჯეტს ამ 51%-ის ფინანსური შესაძლებლობა?
არსებობს ამ 51%-ის შევსების რამდენიმე ქვე ვარიანტი:
- 1) შესაძლებელია სახელმწიფომ აიღოს სესხი ჩინეთის ბანკიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ 100%-იან მარყუჟში აღმოვჩნდებით;
- 2) 51%-სთვის სესხი ავიღოთ დონორებისგან, მაგალითად ევროპის ბანკიდან, მსოფლიო ბანკიდან და ა.შ; მაგრამ თუ 49%-ში შემოსული იქნება ჩინური მხარე, ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც დაინახავს, რომ მეორე მხარე ჩინეთია, არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებს ამ პროექტს;
- 3) სახელმწიფომ თავისი კარის ინვესტორები შეარჩიოს, მათგან აიღოს ეს თანხა და ის ჩადოს პროექტში.
ცალკე საკითხია ის, რომ გვაქვს მსგავსი პრაქტიკა – ჩინეთი როდესაც აშენებს ნავსადგურს, შესაძლოა, ისეთი მიმართულებით ააშენოს და ისეთი გემები შევიდეს, რომ მარტივად გადაკეთდეს სამხედრო ყაიდაზე. ძალიან დამაფიქრებელი საკითხია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხარეს – კონსტანცაში შენდება ამერიკელების დიდი სამხედრო ბაზა, გარკვეულწილად, აშშ-სთვის მიუღებელია და რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს კიდეც, რომ „ჩემს თამაშის წესებზე გადმოდით და ნუ მისცემთ ჩინეთს იმის საშუალებას რომ პორტი ააშენოსო“ – რისკების მთელი კორიანტელია…
ჩინური ინვესტიციები დღესდღეობით 50 სახელმწიფოს ას ნავსადგურშია. მათ შორის, ჰამბურგში, როტერდამში, მარსელში, სარაგოსაში, ვალენსიაში, პირეოსში და ა.შ. ვიღაც იტყვის, რომ თუ იქ შეიძლება ჩინეთმა ჩადოს ინვესტიცია, რატომ აქ არ შეიძლება, მაგრამ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ პორტის მოდელი – ეს პორტები თავის დროზე ააშენეს სახელმწიფოებმა და შემდეგ რაციონალურად დაიწყეს ტერმინალების გრძელვადიან იჯარაში გადაცემა (landlord port model)“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო გადაზღვეული იყოს „ჩინეთის ვალის მახეში გახვევისა“ და ისეთ სტრატეგიულ პორტზე კონტროლის დაკარგვისგან როგორიც ანაკლიაა, შესაძლებელია, რომ პორტი სწორედ landlord port model-ით აშენდეს.
„ეს მოდელი არის აბსოლუტურად საღი და მისაღები – პორტი უნდა ააშენოს სახელმწიფომ ჩინეთის გარეშე, თუნდაც საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, რაც შესაძლებელია – რუსეთთან დამაკავშირებელ გვირაბს თუ სხვადასხვა დონორი აფინანსებს, პორტი რატომ არ შეიძლება დააფინანსონ? Landlord-ის პრინციპითაა მთელი ევროპის პორტები აშენებული – ჩვენ ავაშენოთ ანაკლიის პორტი, ღია ტენდერით მოვიწვიოთ ის ხალხი, ვინც ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს განახორციელებენ და მივცეთ გრძელვადიანი იჯარა.
რომ შევაჯამოთ… არ ვიცით სად მივდივართ, ვიღაცის კაბალაში თუ ვიღაცის სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში. აღმოსავლეთით ამერიკელების სამხედრო ბაზა უნდა განლაგდეს, აქეთ ჩვენ ვიქნებით, აქ თუ პორტი სამხედრო მიმართულებით განვითარდა, დაპირისპირების წინაპირობაა. ფული არ გვაქვს, ჩინურ ბანკებს თუ შევეკედლებით, ვიცით ამის ფასიც – ცენტრალური აზიის ქვეყნებს სასწაული ვალი აქვთ ჩინეთთან, დაკაბალებულები არიან. ვფიქრობ, Landlord-ის მოდელი მკვდარი წერტილიდან შემოაბრუნებს პროცესებს, ვიმეორებ, ავაშენოთ ჩვენ თუნდაც დონორების დახმარებით და შემდეგ შემოვიყვანოთ საოპერაციოდ ერთ ტერმინალზე ჩინელები, მეორეზე დანიელები და ა.შ. შექმნილ ვითარებაში ყველაზე „მიმზიდველი“ მოდელია“, – განუცხადა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.
წყარო: transcor.ge