საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახტალის პარკის პროექტირების მიზნით ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გააფორმა. საპროექტო სამუშაოების შესრულების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო, სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა. ასევე შეიქმნება რეკრეაციული ზონები, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, რაც ვიზიტორებისთვის მრავალფეროვან დასვენებისა და აქტივობების შესაძლებლობებს შექმნის.
ახტალის პარკში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, ღონისძიებების სივრცე და მრავალფუნქციური პავილიონები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ლანდშაფტური ელემენტებისა და შადრევნების მოწყობას.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს. დაგეგმილია ადგილობრივი მცენარეული სახეობების გამოყენება, ნარჩენების სეპარაციის სისტემების დანერგვა და ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების გამოყენება.