$90-მილიონიანი ბახვი ჰესის კასკადის პირველი სადგური სატესტო რეჟიმში უახლოეს დღეებში ამუშავდება.

ამის შესახებ საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ის მმართველმა პარტნიორმა და კომპანია „ბახვი ჰესის“ დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ბახვი ჰესის კასკადის [ბახვი 1, ბახვი 2ა, ბახვი 2ბ] ჯამური დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია. ინვესტიცია $90 მლნ-ია. პროექტს Energy Solution-ი აშშ-ში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდთან ერთად ახორციელებს.

პროექტის თანახმად, ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 10.9 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება – 43,1 გვტსთ; ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე 11.6 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45.5 გვტსთ; ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე კი 23.8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 88.8 გვტსთ შეადგენს.

„ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში სატესტო რეჟიმში გაეშვება ბახვი ჰესის კასკადის 24-მეგავატიანი სადგური. ერთი თვის ინტერვალით ექსპლუატაციაში შევა - მეორე, ხოლო ივლისში - უკვე მესამე სადგური. ჯამში, ზაფხულის ბოლოსთვის სამივე ელექტროსადგური სრული დატვირთვით იოპერირებს“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ის პორტფელშია მარნეულსა და ხაშურში მზის სადგურების პროექტებიც, რომელთა ჯამური ინვესტიცია $37 მილიონამდეა. გიორგი აბრამიშვილი იმედოვნებს, რომ „ბიუროკრატიული საკითხების“ დასრულების შემდეგ, ორივე პროექტი სამშენებლო ეტაპზე წელსვე გადავა.

bm.ge