საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები შეიცვალა.

მთავრობის 31 მარტის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 150 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს. ცნობისთვის, აქამდე მოქმედი ზღვარი 100 000 დოლარს შეადგენდა.

„D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის“, - ნათქვამია დადგენილებაში.

შესაბამისი დადგენილება უკვე ამოქმედდა და გავრცელდება 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.