თბილისის საკრებულომ, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი გასული წლის მიწურულს უკვე დაამტკიცა, სადაც მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტებია გაწერილი.
დოკუმენტის მიხედვით, წელს თბილისის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2.193 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 219.823 მლნ ლარით მეტია 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
ამასთან, ბიუჯეტით გაწერილია რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია 2026 წლიდან გეგმავს.
დოკუმენტზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, 5 მსხვილ პროექტს, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტშია გაწერილი:
ტრამვაის ხაზის მშენებლობა - პროექტზე 2026 წელს განსაზღვრულია 30 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა ჯამურად მისი ღირებულება 408 მლნ ლარია. დოკუმენტის მიხედვით, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან. ამასთან, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო მონაცემები ასეთია:
- სავარაუდო სიგრძე -7.5 კმ;
- საორიენტაციო გაჩერების ადგილი -11;
- სავარაუდო ტრამვაის შემადგენლობა - 10;
- ტრამვაის ერთი შემადგენლობის ტევადობა- არანაკლებ 300 მგზავრი.
სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს გზის მშენებლობა - აღნიშნული პროექტისთვის წელს 10 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა ჯამურად 48 მლნ ლარია გათვლილი. საუბარია, სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობაზე, (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით). დოკუმენტის მიხედვით, ახალი საბაგირო უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე".
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - მიმდინარე წელს 68 მლნ ლარის, ჯამურად კი 71 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამზირზე დაგეგმილია ტროტუარების, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე, ველობილიკის მოწყობა. ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 1442 მეტრს, ხოლო ველობილიკის მოწყობა გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე.
სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა - როგორც დედაქალაქის 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვკითხულობთ, წელს პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იქნება, ჯამურად კი 100 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი ხიდის მშენებლობას, რომელიც შექმნის თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის ალტერნატივას - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდის სახით, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. საუბარია, ორზოლიან, ჯამში 280 მეტრი სიგრძის ხიდზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს. ხოლო საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტიც, „პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ“.
ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია - სამუშაოები გასული წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად არის მისი განხორციელება დაგეგმილი. ამასთან, პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს უნდა დასრულდეს, რისთვისაც ბიუჯეტში 23.277 მლნ ლარია გათვალისწინებული.