„2025 წლის გაყიდვებში უძრავი ქონების პირველადი ბაზარი პრიორიტეტულ ადგილს იკავებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა უძრავი ქონების გაყიდვების ბოლო დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ტრანზაქციების კუთხით წელს ყველაზე აქტიური პერიოდი მაისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე იყო. უკვე აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა კლება, რაც შვებულებების პერიოდითა და გვიანი რეგისტრაციებით არის გამოწვეული.
„2025 წლის ბაზარს თუ გადავავლებთ თვალს, უძრავი ქონების სექტორი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვნებით ხასიათდება. წლის დასაწყისი გაცილებით უფრო შენელებული იყო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, თებერვლის მეორე ნახევრიდან ბაზარმა მოთხოვნის ნაწილში გამოცოცხლება დაიწყო, ძირითადად ამ პერიოდისთვის ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი, რაც სრულიად ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, რომ ყოფითი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან ცვლილება ყოველთვის მოთხოვნადია მოქალაქეების მხრიდან. დეველოპერებმა ყველაზე კარგად შეძლეს ადაპტირება ბაზარზე და გადახდის მოქნილი პირობები შესთავაზეს ადგილობრივ მოსახლეობას, სწორედ აქედან გამომდინარე, 2025 წლის გაყიდვებში პირველადი ბაზარი პრიორიტეტულ ადგილს იკავებს.
გაყიდვების კუთხით ყველაზე ცხელი პერიოდი მაისის მეორე ნახევრიდან ივლისის ჩათვლით იყო. აგვისტოში შედარებით პასიურობა შეინიშნებოდა, რაც სრულიად ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ შვებულების პერიოდია და ამ დროს გაყიდვები ბუნებრივად იკლებს ხოლმე. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის აგვისტოში წლიურად 10%-იანი კლებაა გაყიდვებში, რაც გამოწვეულია არამარტო მომხმარებლის სეზონური ქცევით, არამედ იმითაც, რომ ამ წლის აგვისტოში რამდენიმე დღით მეტი უქმე დღე დაემთხვა, რამაც ერთგვარი გავლენა იქონია ტრანზაქციების ოფიციალურ რეგისტრაციებზე.
სექტემბრის პირველი ნახევარი ძალიან დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა, ძალიან ჭრელი სურათია და გადაჭრით ვერ ვიტყვით, როგორია ეს თვე. ცალკეულ პროექტებს თუ ავიღებთ და დეველოპერულ კომპანიებს, იქ გაყიდვები გაცილებით უფრო გაზრდილია წლიურად, მაგრამ დიდ სურათში ეს როგორ გამოჩნდება, ეს გვეცოდინება მაშინ, როცა ეს კვარტალი ჩაიხურება და სტატისტიკა დაიდება.
ბოლო მონაცემებით, უბნების მიხედვით გაყიდვების კუთხით პირველ ადგილზე არის დიდი დიღომი, რადგან იქ მეტი სამშენებლო ნებართვები იყო გაცემული, ყველაზე დიდი პირველადი პროექტები იქნა აშენებული და შედარებით ბიუჯეტურიც იყო. ამას მოსდევდა საბურთალო, სამგორი, ვაკე, ჩუღურეთი, მთაწმინდა და ა.შ.“ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მარიამ სურგულაძე.