,,ჯანდაცვის ასოციაციაში” მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თუ კლინიკა კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტში გადაიხდის, ის დარჩენილი ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდება. ასოციაციის დირექტორი ნინო კიკნაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს ბევრი კლინიკისთვის შეღავათია.

,,კოვიდის დავალიანების ჯამური ვალდებულება დაახლოებით 26 მილიონია. ბრძანება დღეს შედის ძალაში. ეტაპობრივად, გარკვეულ ვადაში მოუწევთ კლინიკებს დავალიანების 25%-ის დაფარვა. ჯერ არ ვართ საქმის კურსში დეტალებზე რა ვადაში უნდა დაიფაროს. ზოგ კლინიკას ბევრად მეტის გადახდა მოუწევდა და მათთვის ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ვისაც მიაჩნია, რომ ამ 25%-ის გადახდა არ ეკუთვნის, მას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. ალბათ ასეც იზამენ ვინც არ ეთანხმება. ბევრისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია.’’- აცხადებს ნინო კიკნაძე.

,,ჯანდაცვის ასოციაცია’’ 160-მდე კლინიკას აერთიანებს. მათ ნაწილს კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანება არ აქვს. - ,,160 კლინიკას ვაერთიანებთ და ყველასთვის მისაღებია ეს შეთავაზება. ყველა კლინიკას არ აქვს დავალიანება, რადგან ზოგი საერთოდ არ იყო ჩართული კოვიდის მომსახურებაში.’’- განმარტავს ნინო კიკნაძე.

მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დამთავრების შემდეგ გააკეთა.