ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.
როგორც მინისტრმა პარლამენტში მომავალი ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;
- 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარის ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
- ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;
- ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.