ვფიქრობთ, ეს არის მოკლევადიანი მერყეობა და ბაზარი თავისითაც სტაბილურდება - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ვალუტის მერყეობის შეფასებისას გააკეთა.

თურნავას შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ამჟამინდელი გაუფასურება დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორებთან.

„ჩვენ დღევანდელ მერყეობას ვუყურებთ როგორც მოკლევადიან მოვლენას, როდესაც ამას ვამბობთ ვაანალიზებთ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს. ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არის ჯანსაღი. როდესაც არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფაქტორები, მაშინ გრძელვადიანი ეკონომიკური მიზეზი, რომელიც გამოიწვევს კურსზე დაწოლას და გაუფასურებას, ასეთი არ არსებობს.

მაშასადამე საქმე გვაქვს მხოლოდ ბაზრის ფსიქოლოგიურ რეაქციასთან, რა თქმა უნდა განწყობები ძალიან მოქმედებს ბაზარზე, გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობისა, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო დეზინფორმაცია და განცხადებები, რომლებიც ვრცელდება ლარის კურსთან დაკავშირებით იმიტომ რომ ტრადიციულად მავანს მიზანში აქვს ამოღებული ეროვნული ვალუტა, მაგრამ ეს როგორც ჩანს აღარ მოქმედებს და მხოლოდ დროებით შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. 

„რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს. არაეკონომიკურიფაქტორების მოქმედება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დღეს-დღეობით ჩვენი ჩარევა საჭირო იყოს - ბაზარი, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს დაბალანსებულია, დინამიკურია და ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. ჩვენ გვაქვს ინტერვენციის ბერკეტი და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით ბაზარს“, - აღნიშნა თურნავამ.