აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმის ფიგურანტები შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არის ნიუ იორკის ყოფილი მერი, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი, ასევე 2020 წლის ტრამპის საარჩევნო შტაბის სხვა წევრები, კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მარკ მიდოუსი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი ბორის ეპშტეინი და ადვოკატები ჯონ ისტმანი, კენეტ ჩესებრო და სიდნი პაუელი.
როგორც ABC News-ი იტყობინება, შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეწყალების განკარგულებას, სავარაუდოდ, პარასკევს მოაწერა ხელი.
„აღნიშნული დეკლარაცია ასრულებს ამერიკელი ხალხის მიმართ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩადენილ მძიმე ეროვნულ უსამართლობას და აგრძელებს ეროვნული შერიგების პროცესს“, – ნათქვამია შეწყალების დოკუმენტში.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ეს შეწყალება დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა, რადგან აღნიშნულ პირებს ფედერალურ დანაშაულში ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ. შეწყალება გამორიცხავს ნებისმიერი მომავალი ადმინისტრაციის მიერ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას.
ჯულიანი, ისტმანი და პაუელი იყვნენ იმ პირთა შორის, რომლებიც სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა გამოავლინა საქმის ფიგურანტებად, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.