სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშები შეისწავლა.
შესწავლის საგანი 2021 წელი იყო. ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ აპარატში წლის ბოლოს აღრიცხულია 246 682 193 ლარის დებიტორული დავალიანება, საიდანაც 154 414 575 ლარის მოთხოვნის ნაშთი წარმოადგენს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ხაზინის მიმართ“, ხოლო 10,607 ლარი − ხაზინის ერთიან ანგარიშზე ეროვნულ ბანკში აღრიცხულ წინა წლების ნაშთს.
აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის ერთი ნაწილი დაუდასტურებელი დებიტორული
დავალიანებების შესახებაა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ვერ იქნა მიღებული რწმუნება ცენტრალური აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 12.05 მლნ ლარის დებიტორული დავალიანების არსებობასა და სისწორეზე
„მოთხოვნების ნაშთის დასადასტურებლად დებიტორთა რეესტრიდან შეირჩა 18 ორგანიზაცია, რომელთა მიმართ დავალიანება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 87 700 729 ლარს. დასტურის წერილებითა და აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებული ალტერნატიული პროცედურებით დადასტურებულია 32 949 202 ლარის დებიტორული დავალიანება. ამ დრომდე არ არის დასრულებული ბალანსზე აღრიცხული მოთხოვნების ინვენტარიზაციის პროცესი, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები, არ ჩატარებულა დებიტორული დავალიანების რეალობის, ხანდაზმულობის, ამოღების ალბათობის შესწავლის ღონისძიებები. ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება ცენტრალური აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 12 057 929 ლარის დებიტორული დავალიანების არსებობასა და სისწორეზე,“ - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული რეგულირების სააგენტოს მიერ 2021 წელს ჯანდაცვის პროგრამების გეგმური და არაგეგმური რევიზიისა და კონტროლის აქტების შესაბამისად დაკისრებული 56 970 ლარის ფინანსური ჯარიმა.