საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის საგადასახადო შეღავათის წესში ცვლილებაა.

უწყების თანახმად, 2024 წლის 26 აგვისტოდან ძალაში შედის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება, რომლითაც უცხოეთში 6 თვეზე მეტი დროით მყოფი პირების საქონლის განბაჟების ახალი წესები დგინდება.

"განისაზღვრება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე (რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება).

აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ ვადებში,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

bm.ge