საქართველოს ავტო ბაზრით ჩინელი დილერები ინტერესდებიან. ქართველ და ჩინელ ავტოიმპორტიორთა შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონტაქტები გაცვალეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ალექსი ნონიაძემ  განუცხადა, საქართველოც და ჩინეთიც როგორც ახალი საექსპორტო, ისე საიმპორტო ბაზრების მოძიების პროცესში არიან.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელ და ქართველ ავტო დილერებს შორის ფორუმი შედგა. შეხვედრის ინიციატორი ჩინური მხარე იყო. ისინი ქართულ ავტო ბაზარზე ჩინური ავტომობილების შემოყვანით არიან დაინტერესებული. ამასთან განიხილავენ, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ნაწილის გამოყენებას და აქედან ავტომობილების რეექსპორტს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში“, - განმარტავს ალექსი ნონიაძე.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქართულ ავტო ბაზარზე  დღეს არსებულ სიახლეებზეც საუბრობს აღნიშავს, რომ საავტომობილო პროფიციტის აღმოფხვრის პროცესი უკვე დაწყებულია.

„როგორც იცით, ქართველი ავტოიმპორტიორები, თვეებია საავტომობილო პროფიციტს ებრძვიან და მანქანებს თვითღირებულებაში ყიდიან. ამჟამად, სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. დილერები ამბობენ, რომ საავტომობილო პროფიციტმა აღმოფხვრა დაიწყო. კერძოდ, თუ მიმდინარე წელს ჭარბად დაგროვილი იყო 60 ათასი ერთეული ავტომობილი, მათი ნაწილი გაიყიდა და ამჟამად, ბაზაზე 35-40 ათასი ერთეული მანქანით მეტი რჩება“, - განმარტავს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, ზოგიერთი მოდელის ავტომობილები სრულად გაიყიდა და მათზე შეიძლება დეფიტიც კი შეიქმანს, ზოგი მოდელი - კი კვლავ დიდი რაოდენობით რჩება გასაყიდი.

როგორც ასოციაციაში, ისე ავტოიმპორტიორ კომპანიებში ელიან, რომ საავტომობილო პროფიციტი ქვეყანაში წლის ბოლოსთვის სრულად აღმოიფხვრება და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი აღდგება. რაც შეეხება ავტომობილების ფასებს, სექტორში ამბობენ, რომ მკვეთრი მერყეობები არ შეინიშნება და მანქანების ღირებულება დასტაბილურებულია. ისინი არც მომდევნო პერიოდში ელიან ავტომობილების მკვეთრად გაიაფება - გაძვირებას.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში იმპორტირებულია 1.6 მლრდ დოლარის ღირებულების თითქმის 105 ათასი ავტომობილი. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 1.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს ამ პერიოდში ექსპორტირებულია 1.19 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან, წლის პირველ 7 თვეში, საქართველომ ავტომობილების ექსპორტიდან 1.17 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

bp.ge