"არსებული ინფლაციური მოლოდინების ფონზე, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება მართებულია", - ასე აფასებენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების შესახებ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ტიპის მზარდი ეკონომიკისათვის ფასების სტაბილურობაში ინფლაციის 3%-იანი დონე მოიაზრება. მიმდინარე წლის ბოლო თვეების ტენდენციების მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება და უკვე აპრილის თვიდან მოყოლებული მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს გადასცდა. უახლესი, ოქტომბრის თვის მონაცემებით კი, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა.
ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ განაპირობა. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა, ხოლო ყველაზე მეტად 21 პროცენტით ხილსა და ყურძენზე გაიზარდა ფასები.
შედეგად, თუ აქამდე მიზნობრივთან ახლოს მყოფი ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ერთობლიობა და ლარის კურსის სტაბილურობა მონეტარული პოლიტიკის მცირედით შემცირების მოლოდინებს ქმნიდა, ახლა ინფლაციის ზრდის მიმართულებით გაზრდილი რისკების ფონზე, ეს ფაქტორი განეიტრალდა და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება მართებულია და იგი პრევენციული ხასიათისაა", - აღნიშნავენ აფბაში.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.