რუსული Unistream-ის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, ფულადი გზავნილების აღნიშნული კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო და პირველ ადგილს იკავებდა, ივლისის მაჩვენებლებით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.
2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ივლისში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა და მისმა მოცულობამ 73.8 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 45.3 მლნ დოლარი, მესამეზე აშშ-ი - 40 მლნ დოლარის გზავნილით. ხუთეულში შედის საბერძნეთი (21.6 მლნ) და გერმანია (20.5 მლნ).
ფულადი გზავნილების სისტემებს შორის პირველ და მეორე ადგილზე RIA და Zolotaya Korona აღმოჩნდა. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
RIA - 64.7 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 55 მილიონი დოლარი;
Western Union - 45.5 მილიონი დოლარი;
Money Gram - 44.7 მილიონი დოლარი;
Unistream - 36.3 მილიონი დოლარი;
Intel Express - 32.3 მილიონი დოლარი;
Contact - 11.5 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 11 მილიონი დოლარი.
შეგახსენებთ, რუსული Unistream-ის აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, 21 ივლისიდან ქართულმა ბანკებმა შეაჩერეს ფულადი გზავნილების გადარიცხვა აღნიშნული სისტემიდან.