რუსული ბანკი Unistream და ამავე დასახელების ფულადი გადარიცხვების სისტემა, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, Unistream ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების განხორციელებისთვის. რაც შეეხება საქართველოს Unistream ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული სისტემაა ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვებისთვის და ის გზავნილების სისტემებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2023 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული სისტემის საშუალებით ქვეყანაში 762 მლნ დოლარის თანხა შემოვიდა.
რა გავლენას იქონიებს საქართველოში ყველაზე პოპულარული გადარიცხვების სისტემის სანქცირება გზავნილების მოცულობის კუთხით, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა.
„მომხმარებელი, რომელიც აღნიშნულ სისტემას იყენებდა, ვფიქრობ, გზავნილების სხვა სისტემაზე გადაერთვება და მისი მეშვეობით განახორციელებს გადმორიცხვებს.
ზოგადად, გზავნილების სისტემები ერთმანეთს კონკურენციას ძირითადად საკომისიო გადასახადების მიხედვით უწევენ და მომხმარებელიც ძირითადად ამის გამო ირჩევს ამათუ იმ სისტემას. ძალიან ბევრი სისტემაა საქართველოში აქტიური და არ მგონია ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს.
ერთადერთი შესაძლოა, მცირედით ტრანზაქციები გაძვირდეს, თუმცა პრინციპული სხვაობა მომხმარებლისთვის არ ექნება. შესაბამისად ვფიქრობ, Unistream-ით შემოსული გზავნილები სხვა სისტემებზე გადანაწილდება, შესაძლოა მცირედი სხვაობა საკომისიოს მოცულობაში იყოს“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
აღსანიშნავია, რომ Unistream-ის განცხადებით, სანქციების მიუხედავად, პარტნიორებთან ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გასაგრძელებლად გამოსავალი ნაპოვნია, მაგრამ რა სახის გამოსავალია ეს და როგორ იმუშავებს, კომპანიაში არ განმარტავენ.